2011 წლის 1 მარტის მთავრობის სხდომა

2011 წლის 1 მარტის მთავრობის სხდომა 2011 წლის 1 მარტს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 51 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების საბჭოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით. მთავრობის სხდომის საკითხების განხილვამდე, ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს მინდა გავუსვა ხაზი და საზოგადოებას გავაცნო. ეს საკითხი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, ბიზნესმენებისთვის, ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება. ვსაუბრობ ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების საბჭოს მცირე რეორგანიზაციაზე. აქამდე, როდესაც კომპანიაში შედიოდა საგადასახადო და ეს კომპანია არ ეთანხმებოდა დარიცხვას, მას შეეძლო გაესაჩივრებინა დარიცხვა შემოსავლების სამსახურში და შემდეგ, ფინანსთა სამინისტროში.

დისკუსიის და ბევრი თათბირის შემდეგ გადავწყვიტეთ მოგვეწყო კიდევ ერთი დამატებითი განხილვის ფორუმი, რომელიც უკვე ბიზნეს ომბუდსმენთან იქნება. დავების საბჭოს ეყოლება კიდევ ერთი პალატა, რომლის თავმჯდომარე ბიზნეს ომბუდსმენი იქნება. ამ პალატაში შევლენ როგორც კერძო სექტრის წარმომადგენლები, ასევე ფინანსთა სამინისტროს და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. საბოლოო გადაწყვეტილება ამ უწყებაში მიიღება. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ კერძო სექტორის წარმომადგენელს შესაძლებლობა ექნება გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში. თუმცა სასამართლომდე ბოლო გადაწყვეტილებას მიიღებს არა თვითონ ფინანსთა სამინისტრო, არამედ ბევრად უფრო დამოუკიდებელი ბიზნეს ომბუდსმენთან არსებული პალატა, რომელიც ამ უწყებიდან გამოვა და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საბოლოო დარიცხვაზე.

ეს პრაქტიკა ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაშია. სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას გავეცანით და ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს საგადასახადო კოდექსისადმი კერძო სექტორის და ინვესტორების ნდობას კიდევ უფრო აწევს და უახლოეს მომავალში ეკონომიკურ აქტივობას უფრო გაზრდის.

ასევე მინდა გითხრათ, რომ წინაწარი მონაცემებით იანვრის თვის ეკონომიკური აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი. ეკონომიკური ზრდა წინასწარი მონაცემებით დაფიქსირდა 9%-ზე უფრო მაღლა. იანვრის მონაცემები ყველაზე მაღალია ბოლო პერიოდის განმავლობაში.
კიდევ ერთი ინფორმაცია მაქვს საზოგადეობისთვის. ეს არის ფინანსთა მინისტრის დღევანდელი ინფორმაცია, რომელიც უნდა წარმოგვიდგინოს მთვრობის წევრებს. მინდა რომ იგივე პრეზენტაცია გაკეთდეს საზოგადეობისთვის, ჟურნალისტებისთვის. ეს არის იმ 4,5 მლრდ დოლარის ხარჯვითი ნაწილის პრეზენტაცია, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გავაკეთეთ.

მოგეხსენებათ, 2008 წელს ბრიუსელში დონორთა კონფერენცია ჩატარდა, სადაც 4,5 მლრდ დოლარი იქნა შეპირებული ქვეყნისთვის. შემდეგ ამ პერიოდის განმავლობაში ვიმუშავეთ ყველა დონორ ორგანიზაციებთნ და გავაფორმეთ ხელშეკრულებები. თანხის ნაწილი უკვე დახარჯულია სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ნაწილი თანხებისა ამჟამად იხარჯება, ნაწილი თანხების დაიხარჯება 2012-2013 წლებში. საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს რაში იხარჯება ეს თანხები, რა კონტრაქტები გაფორმდა. დღეს, ამის პრეზენტაციას ფინანსთა მინისტრი მთავრობის წევრებს გაუკეთებს. მინდა ვთხოვო მას, რომ უახლოეს მომავალში ეს პრეზენტაცია გაუკეთოს ჟურნალისტებს და საზოგადოებას, რათა ყველამ იცოდეს რაში იხარჯება საერთაშორისო დონორებისგან მოსული თანხები. ასევე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე სრულად დევს.

ხაზგასასმელია ის, რომ თავიდან დონორთა ორგანიზაციიდან შეპირება 4,5 ვლრდ-ზე იყო, თუმცა შემდგომი მუშაობის შედეგად გაიზარდა მსოფლიო ბანკის დაფინანსების ნაწილი, გაიზარდა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსების ნაწილი და ჯამში დახმარების ციფრი 4,5 მლრდ-დან 5,5 მლრდ-ზე ავიდა, რასაც საქართველო ამ წლების განმავლობაში მიიღებს. 2008 წელს თანხები უკვე მივიღეთ, 2008-2009-2010 წწ. განმავლობაში ამ თანხების დიდი ნაწილი დაიხარჯა - 2 მლრდ დოლარამდე. დამატებით 3 მლრდ-ზე მეტი დაიხარჯება 2011-2012-2013 წლებში. ეს უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობას და გარკვეულწილად, უცხოური შემოდინებების გარანტორია."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური