2011 წლის 11 მარტის მთავრობის სხდომა

2011 წლის 11 მარტის მთავრობის სხდომა 2011 წლის 11 მარტს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 56 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გასული კვირის ეკონომიკის საკითხებზე ისაუბრა. წარმოგიდგენთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით. მთავრობის სხდომის საკითხებამდე, გასული კვირის მოვლენებს მინდა გამოვეხმაურო, რომლებიც ძირითადად ეკონომიკას და საინვესტიციო გარემოს ეხება.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო Fitch-ის მიერ საქართველოსთვის საკრედიტო რეიტინგის გაზრდა. Fitch-ი იმ სამი მსხვილი ორგანიზაციიდან ერთერთია, რომლებიც საკრედიტო რეიტინგებს განსაზღვრავენ. სხვადასხვა ქვეყნების. ძალიან მნიშვნელვანია ის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში უმრავლესობა შემთხვევაში (ამ ორგანიზაციებმა) სხვადასხვა ქვეყნებს, მათ შორის ევროპულ ქვეყნებსაც საკრედიტო რეიტინგები შეუმცირეს. საქართველოს შემთხვევაში B+ სტაბილურობიდან - გაგვიზარდეს B+ პოზიტივზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო საინვესტიცო გარემოსთვის საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა. მომავალში იმის შესაძლებლობა გვექნება, რომ სახელმწიფომ და ქართულმა კომპანიებმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან თანხების მოზიდვა უფრო მარტივად განვახორციელოთ.

გასული დღეების განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო ნიუ იორკში ინვესტორებთან შეხვედრები, მუმბაიში ფინანსთა მინისტრის და ეკონომიკის მინისტრის შეხვედრები ინვესტორებთან. ვხედავთ, რომ ინვესტორების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა საქართველოში ინვესტიციების ჩადებით...

მსოფლიო ინვესტორებისადმი ასევე პოზიტიური მესიჯია დონალდ ტრამპთან გუშინ ხელმოწერილი შეთანხმება, რომლის მიხედვით დონალდ ტრამპი საქართველოში - ბათუმში და თბილისში მშენებლობებს განახორციელებს. ეს ძალიან დიდი და ოზიტიური რეკლამა ქვეყნისთვის და ძალიან პოზიტიური სიგნალია სხვადასხვა ინვესტორისათვის, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს და საქართველოში ჩამოსვლა უნდა.

მინდა კიდევ ერთი განცხადება გავაკეთო, რომელიც აგრარული პოლიტიკის კომისიას ეხება. მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრთან არსებობს რამოდენიმე სხვადასხვა ტიპის კომისია: ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წყლის. მინდა შევქნმა აგრარული პოლიტიკის კომისია, რომელშიც მოვიწვევთ ექსპერტებს, გუბერნატორებს, პარლამენტის წევრებს. ბაკური (კვეზერელი) იქნება ამ კომისისს ერთერთი მთავარი წევრი. მან უნდა წარმოადგინოს იმ ექსპერტთა სია, რომელიც აუცილებელია გვყავდეს ამ კომისიაში. უახლოეს დღეებში ჩვენ პირველ შეკრებას ჩავატარებთ. კომისია 1-1,5 თვის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად იმუშავებს იმისათვის, რომ საზოგადოებას წარვუდგინოთ კონკრეტული გეგმები და კონკრეტული ნაბიჯები იმის შესახებ, თუ რას ვაპირებთ ჩვენ აგრარული პოლიტიკის განვითარებაში."

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური