2014 წლის 8 მაისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-05-08

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 27 საკითხი განიხილა, დაემატა 9 საკითხი, დამტკიცდა 36 საკითხი. დღის წესრიგი
მთავრობის სხდომზე დამტკიცდა უშუქო სოფლების ელექტროფიკაციის პროექტი. „სინათლე ყველა სოფელს" - ამ პროექტით 2015 წლისთვის საქართველოში არ იარსებებს ელექტროენერგიის გარეშე არცერთი დასახლებული პუნქტი.
დღესვე მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა კანონპროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ." წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოში პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპებისა და საფუძვლების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობისა და მონაცემთა დაცვის ქმედითი მექანიზმების უზრუნველყოფა, მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს ეფექტიანი საქმიანობა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მიმართ. კანონპროექტი, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში კანონმდებლობის დახვეწასა და განჭვრეტადობას, საზედამხედველო ორგანოს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული მდგრადი და ეფექტიანი მექანიზმების შექმნას. კანონპროექტი ითვალისწინებს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა წრის გაფართოებას, კერძოდ ევროპული სტანდარტის შესაბამისად განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებად განიხილება ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, საპროცესო შეთანხმებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად ან დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებული მონაცემები, ასევე, გენეტიკური მონაცემები. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული შეზღუდვები გამოწვეულია მათი სენსიტიური ხასიათით, რადგან ამ სახის მონაცემთა უკანონოდ შეგროვება, შენახვა ან გავრცელება ქმნის პირადი ცხოვრების ხელყოფის, ადამიანის დევნის, შევიწროების, ან სხვაგვარი დისკრიმინაციის საფრთხეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური