2014 წლის 17 ივნისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014 წლის 17 ივნისის მთავრობის სხდომა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 33 საკითხი განიხილა, დაემატა 5 საკითხი, დამატებითი შესწავლის მიზნით გადაიდო 3 საკითხი, დამტკიცდა 35 საკითხი. დღის წესრიგი

მთავრობის წევრებმა დღეს ქართული კინოს განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ: კულტურის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოქმედი კანონი თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ითვალისწინებს მხოლოდ შეზღუდული სამეურნეო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას, რაც არ მოიცავს ფიქალის ქვის გამოყენების შესაძლებლობას, მაშინ როდესაც თუშეთის დაცულ ლანდშაფტში ფიქალის ქვა წარმოადგენს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების, ასევე, ინვესტორებისთვის ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის აუცილებელ სამშენებლო მასალას, რომელიც ისტორიულად გამოიყენებოდა მშენებლობისას, რომ არ დარღვეულიყო თუშეთის დაცული ტერიტორიის უნიკალური ლანდშაფტი. კანონში ცვლილების შეტანით მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის და ინვესტორების მოთხოვნილების გათვალისწინება ბუნებრივი რესურსებით (კერძოდ, ფიქალის ქვა) სარგებლობასთან დაკავშირებით. მშენებლობისას ფიქალის ქვის გამოყენების შესაძლებლობის დაშვება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შენარჩუნებულ იქნას თუშეთის დაცული ტერიტორიებისათვის ისტორიულად დამახასითებელი არქიტექტურა.
ასევე დამტკიცდა ცვლილება საქართველოს კანონში „„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ." საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა თანდართული „დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციის განხორციელების წესი". დაცულ ტერიტორიებში დემარკაციის განხორცილების ანუ საზღვრის პერიმეტრის ზუსტი კოორდინატების დადგენისას, ფიზიკური და იურიული პირების ქონება გამოიყოფა დაცული ტერიტორიის საზღვრებიდან, მოხდება დაზუსტებული საზღვრების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დარეგისტრირება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური