2014 წლის 26 ივნისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 27 საკითხი განიხილა. გადაიდო 3 საკითხი, დაემატა - 5 საკითხი, დამტკიცდა - 29 საკითხი.   დღის წესრიგი.
მთავრობამ სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში 3 პროექტი დაამტკიცა. პროექტების თანახმად, უახლოეს მომავალში საქართველოში სამი საწარმო შეიქმნება.
მთავრობამ ასევე მოიწონა განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვით, რეგიონებში მცხოვრებ 502 დევნილ ოჯახს ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცემა საცხოვრებელი ფართები თბილისში, ბათუმში, რუსთავში, გორში, ლაგოდეხში, ფოთში, ვანში, ასევე გორისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში;
ფინანსთა სამინისტრომ კი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე არჩევნების მეორე ტურის დაფინანსების საკითხი წარადგინა. მთავრობის განკარგულებით, არჩევნების მეორე ტურის დასაფინანსებლად ცენტრალური საარჩევნო კომისია სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონ ლარს მიიღებს, სულ კი არჩევნების მეორე ტურის გამართვის მიზნით 5 756 000 ლარი დაიხარჯება.
მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ასევე დაამტკიცა 2015-2017 წლების რეგიონული განვითარების პროგრამა და საჯარო სამსახურში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური