2014 წლის 16 ივლისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილა, დაემატა - 4 საკითხი, დამტკიცდა - 17 საკითხი.  დღის წესრიგი
მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა საყოველთაო ჯანდაცვის დადგენილებაში. კერძოდ, საჯარიმო სანქციების მუხლში, თუ სამედიცინო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს სამედიცინო საქმიანობის შესახებ მინისტრის ბრძანების შესაბამის მოთხოვნებს, ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების ნაცვლად დაწესდება დამატებითი საჯარიმო ანაზღაურებული თანხის 1%-ით.
ნარკოპოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე, ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული გადაუდებელი მდგომარეობების დროს სამედიცინო დახმარების შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველსაყოფად, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებიდან ინტეგრირებული ბენეფიციარების (მათ შორის, სოციალურად დაუცველი პირების) პირობები გაუთანაბრდება ამავე პროგრამის სხვა კატეგორიის ბენეფიციარებს და იმისათვის, რომ არ წარმოადგენდეს ურგენტული შემთხვევების დროს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ბარიერს. მათ, სხვა ბენეფიციარების მსგავსად, დაუფინანსდებათ არალეგალურად მოხმარებული ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად დამდგარი გადაუდებელი სტაციონარული ან ამბულატორიული მომსახურება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური