პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის ექსპერტებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-07

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებაში საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი Global Alliance for Health and Social Compact დაეხმარება, - ჯანდაცვის ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.
პრემიერმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და მათი უზრუნველყოფა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მომსახურებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით ხარისხობრივად ახალი სისტემა ჩამოყალიბდება.
ჯგუფის მუშაობის ამოცანებზე საქართველოს მთავრობის მეთაურს ინფორმაცია ჯგუფის კოორდინატორმა, ჟან ლი მალკინმა მიაწოდა.
მისი განმარტებით, შეიქმნება ჯანდაცვის თვისობრივად ახალი, ინოვაციური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების ხარისხიან, უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობას; სამედიცინო და ფარმაკოლოგიური პროდუქტების თანამედროვე, ეფექტური მარეგულირებელი სისტემის ჩამოყალიბებას და ხარისხის კონტროლს; ადგილობრივ დონეზე სამკურნალო დაწესებულებების ქსელის ორგანიზებას, რომელიც მაქსიმალურად ახლოს იქნება პაციენტებთან და მათ ოპტიმალურ სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს; მოსახლეობისთვის მედიკამენტებსა და ჯანდაცვის სფეროს ტექნოლოგიებზე ფართო ხელმისაწვდომობას; ასევე, ჯანდაცვის განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას.
შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური