2017 წლის 11 იანვრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-11

საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 34 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობამ 3 ახალი საწარმოს შექმნა დაამტკიცა.

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღდგომლიანთკარში შეიქმნება სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო და განხორციელდება 1 300 000 ლარამდე ინვესტიცია.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ქვედა ჩხოროწყუში, შეიქმნება თხილისა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმო, რომლის ინვესტიცია 130 000 ლარია;

ჩაის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაგომარში შეიქმნება ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. კომპანიას იჯარის უფლებით 25 ჰექტარი მიწის ფართობი გადაეცა.

დღესვე, მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა სესხების ლარიზაციის გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა. პროგრამა 2017 წლის 17 იანვრიდან ამოქმედდება და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

აღნიშნული შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100 ათას ლარს, 2015 წლის განმავლობაში. ამავე დროს მათი მთლიანი სესხის ნაშთი არ იყო 40 ათას დოლარზე მეტი 2015 წლის 1-ელი იანვრისთვის. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მათ 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 28 ნოემბრამდე სესხი დაფარეს, ამ შემთხვევაში 2016 წლის 28 ნოემბრისათვის არსებული ნაშთის სუბსიდიას განახორციელებს მთავრობა.

ეს პროცესი ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლას შეამცირებს, რადგან მსესხებლებს, რომლებსაც ყოველთვიურად უწევდათ ვალუტის შეძენა, სესხის დასაფარად, ამის გაკეთება აღარ მოუწევთ. ამასთან, ეროვნული ბანკის მითითებით, კომერციული ბანკები, გალარების პროგრამის შესახებ წინასწარ აცნობებენ პირებს, რომლებსაც აღნიშნული ერთჯერადი პროგრამა ეხება.

მთავრობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, ჩუმათელეთი-ხევის 12-კილომეტრიანი გზის საპროექტო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის სივრცითი მოწყობის კომპონენტის ნაწილია. სამუშაოები იანვარში დაიწყება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური