2017 წლის 6 აპრილის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-06

2017 წლის 6 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 29 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მინისტრთა კაბინეტმა მოიწონა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი - "გიორგი გახარიასთვის „ერთი მხრივ ინდოეთის რესპუბლიკასა და მეორე მხრივ საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონომიკურიმიზანშეწონილობის თაობაზე ერთობლივი კვლევის განხორციელების შესახებ" ერთობლივი განცხადების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე." საქართველოს მთავრობა იწყებს ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომლის მიზანია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ინდოეთის რესპუბლიკასთან. ინდოეთთან ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროდუქცია მიაწოდონ 1.3 მილიარდიან ბაზარს.

საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე უნდა განხორციელდეს წინასწარი კვლევა, რომელიც შეაფასებს იმ პოტენციურ, დადებით და უარყოფით მხარეებს, რაც შესაძლოა გამოიწვიოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებამ. კვლევის დაწყების შესახებ ინდურ მხარესთან მოსალაპარაკებლად ნიუ-დელიში გაემგზავრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც 11 აპრილს ინდოეთის ვაჭრობის, მრეწველობისა და ფინანსთა მინისტრთან ერთად შესაბამის მემორანდუმს მოაწერს ხელს. მემორანდუმის თანახმად, კვლევის განხორციელება დაგეგმილია 6 - 8 თვის განმავლობაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური