2017 წლის 25 აპრილის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-25

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 37 საკითხი განიხილა. მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს. ცვლილებათა პაკეტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა წარადგინა.

პაკეტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად დადგენილი თანხის ოდენობა 50 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება. ასევე, უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს - მაგალითად, სასაქონლო ზედნადებთან და არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები და ა.შ. ასევე, პაკეტში შედის ისეთი მნიშვნელოვანი სტიმულები ცალკეული დარგებისთვის, როგორიცაა, მაგალითად შიდა ავიაციის სტიმულირება. ამისთვის ჩვენ დღგ-სა და აქციზისგან თავისუფლდება საავიაციო საწვავის ის ნაწილი, რომელიც შიდა ავიაციისთვის იქნება განკუთვნილი ბორტზე მისაწოდებლად, ასევე - სხვადასხვა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა.

სპეციალური წამახალისებელი ზომები იქნება მიღებული იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მიკროელექტროსადგურები აქვთ. კერძოდ, მოქალაქეების მიერ მიკროელექტროსადგურების საშუალებით გამომუშავებული ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობის გაყიდვით მიღებული შემოსავალი არ დაიბეგრება.
ცვლილებები ასევე ეხება სამშენებლო სექტორსაც. კერძოდ, დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები 2 წლით გახანგრძლივდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა დადგენილებაში „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ". პროექტის თანახმად, შეზღუდვა შეეხება კონკრეტულად პირს, რომელსაც დაუფიქსირდება მაღალი შემოსავალი და არა - მისი ოჯახის წევრს.
საშუალო შემოსავლის მქონე პირებისთვის (შემოსავალი თვეში საშუალოდ 1000 ლარი და მეტი და წლიური არაუმეტეს 40 000 ლარისა) იცვლება პირობები, რაც გულისხმობს იმას, რომ ასეთმა პირებმა უნდა გააკეთონ არჩევანი კერძო დაზღვევასა და საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას შორის, რომელიც, არჩევანის შემთხვევაში, შემცირებული მოცულობით მოემსახურებათ. გარდა ამისა, ამ კატეგორიისთვის, კერძო დაზღვევის მიუხედავად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შენარჩუნდება ხელმისაწვდომობა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაზე, კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთრაპიაზე, ასევე, მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურებაზე.
დაბალი შემოსავლის მქონე (თვეში საშუალოდ 1000 ლარამდე), ასევე, თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე და სხვა პირებს, კერძო დაზღვევის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა მცირედ შეზღუდული პაკეტით. ასევე, გარდამავალ პერიოდში მათ ეძლევათ პრივილეგია, ჩაერთონ კერძო სადაზღვევო სქემებში. კერძოდ, თუ ასეთი პირი შეიძენს კერძო სადაზღვევო პაკეტს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ურგენტული სერვისები მაინც მიეწოდებათ უცვლელად. ამ კატეგორიისთვის, პროგრამის ფაგრლებში, ასევე ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მართვა (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოსახლეობას, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000 ლარამდე მერყეობს და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს სრულად შეუნარჩუნდებათ „საბაზისო პაკეტი". ამასთან, მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.
პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები 2017 წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდება.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას წამლის კომპონენტი ემატება. კერძოდ, 2017 წლის ზაფხულიდან ქრონიკული დაავადებების მქონე ყველა იმ ადამიანს, რომლის სარეიტინგო ქულა 100 000 ქულას არ აღემატება, ამ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდება. მედიკამენტებისა და დოზების შერჩევა მოხდა იმ ესენციური მედიკამენტების ნუსხიდან, რომლებიც თანამედროვე კლინიკური რეკომენდაციებით გამოიყენება აღნიშნული დაავადებების მკურნალობისათვის ამბულატორიულ კლინიკურ პრაქტიკაში. აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქრონიკული დაავადებების მქონე პირების მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რაც თავის მხრივ აამაღლებს სამედიცინო სერვისების ეფექტურობას.

მთავრობა ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის მოსამზადებლად მომსახურებას შეისყიდის. შესაბამისი განკარგულების პროექტი მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. მომსახურების სავარაუდო ღირებულება 6 000 000 ლარია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური