2017 წლის 1 ივნისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-01

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 25 საკითხი განიხილა.

მთავრობამ დაამტკიცა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" შესატან ცვლილებათა პირველი პაკეტი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წარადგინა.

ცვლილებები 14 მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ოპტიმიზაციას ითვალისწინებს. შედეგად, შერწყმულ მუნიციპალიტეტს სრულად დარჩება ამჟამად არსებული ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ეს მუნიციპალიტეტებია - ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, თელავი, ახალციხე, მცხეთა, ამბროლაური.  ამ და ყველა სხვა მუნიციპალიტეტში უმაღლეს თანამდებობის პირად განისაზღვრება პირდაპირი წესით არჩეული მერი. არჩეულ საკრებულოებს მიეცემათ დემოკრატიული კონტროლის განხორციელების რეალური ბერკეტები. მერი საკრებულოს წარუდგენს მოადგილეების და სამსახურის უფროსების კანდიდატურებს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში დანიშნავს მათ თანამდებობებზე. ცვლილებების მიზანია უფრო ეფექტიანი მართვის სისტემის ჩამოყალიბება და ადგილობრივ მართვაში მოქალაქეთა ჩართულობის და დემოკრატიული კონტროლის გაძლიერება.

ცვლილებათა მეორე პაკეტი, რომელიც საშემოდგომო სესიებამდე მომზადდება, ითვალისწინებს ყველა დასახლებაში ტერიტორიული ორგანოების შექმნას, რომლებიც კონკრეტული დასახლების საჭიროებებსა და მოთხოვნებს პირდაპირ მიიტანენ მერიამდე. ეს ორგანოები უზრუნველყოფენ მოქალაქეების უშუალო ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ასევე, მეორე პაკეტით, მუნიციპალიტეტებში დარეგულირდება ააიპ-ების შექმნის მექანიზმი, რაც გულისხმობს სფეროში მხოლოდ ერთი ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას, რითაც გამოირიცხება იდენტური პროფილის ორგანიზაციების არსებობა.

მთავრობამ ასევე იმსჯელა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებზე. კანონპროექტის მიზანია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისეთი გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი ხდომილებებისას როდესაც ზიანი ადგება მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და/ან ქონებას, მოხდეს მიყენებული ზიანის პრევენცია და სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობისათვის უფრო მეტი დაცვის უზრუნველყოფა. ცივილიზებულ სამყაროში შესაძლო ფინანსური დანაკარგების მართვის მიღებულ საშუალებად მიიჩნევა დაზღვევა და აღნიშნული წარმოადგენს არა მარტო დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას, არამედ ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის - საზოგადოებრივი თავშეყრის ორგანიზატორის ფინანსური დანაკარაგებისაგან დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა. საქართველოს მთავრობა შესაბამისი დადგენილებით დაადგენს იმ ობიექტების ნუსხას, რომელთა მფლობელები ვალდებული იქნებიან დააზღვიონ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობა საგანგებო სიტუაციების შედეგად მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონებისათვის მიყენებული ზიანის შემცირების (ანაზღაურების) მიზნით.

გარდა ამისა, სავალდებულო ხდება საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, რაც ხელს უწყობს საზოგადოებაში სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობას, უზრუნველყოფს ზიანის ანაზღაურების გარანტიების შექმნას, ცივილიზებულად აგვარებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევით წარმოქმნილ დავებს და პრობლემებს. კანონპროექტის მიზანია დაარეგულიროს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად წარმოქმნილი სამოქალაქო ურთიერთობები, რომელიც წარმოიშვება საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას და რომლის დროსაც ზიანი მიადგა მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ქონებას.

დღესვე, მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებები „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში. ცვლილებების თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების შემდეგ ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიან წევრებს ექნებათ ვალდებულება სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტის და სპეციალური ფორმის დოკუმენტის - „ოჯახის დეკლარაციის შევსებიდან" არაუგვიანეს 30 დღეში დარეგისტრირდნენ „სამუშაოს მაძიებლად" შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე www.worknet.gov.ge, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია შეუწყდება. შედეგად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ არამომუშავე შრომისუნარიან პირებს ექნებათ ხელმისაწვდომობა სამუშაოს მაძიებელთათვის განსაზღვრული ვაკანსიებისა და პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების შესახებ და გააქტიურდებიან შრომის ბაზარზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური