2017 წლის 8 ივნისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-08

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 26 საკითხი განიხილადაემატა 6 საკითხი. დღის წესრიგი

მთავრობამ დაამტკიცა განკარგულება, რომლის თანახმად, 100 ეკომიგრანტ ოჯახს სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაეცემა სახლები და მიწის ნაკვეთები - წალკაში, ლაგოდეხში, თეთრწყაროში, ახმეტაში, სიღნაღში, გორში, ხონსა და ნინოწმინდაში. 2016 წლიდან დღემდე, ჯამში უკვე 443 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი სახლი და ეს პროცესი გრძელდება.

ჩაის გადამამუშავებელი საწარმოები შეიქმნება აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში, რისთვისაც, მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები შპს „ჯვარი-91"-ს იჯარის უფლებით გადაეცემა.

მთავრობის დადგენილებით, დღესვე გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულება დამტკიცდა. ახლად შექმნილი უწყებათაშორისი კომისია სხვა უფლებამოსილებებთან და ვალდებულებებთან ერთად, ე.წ. სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული ადგილობრივი მაკოორდინირებელი ორგანოს ფუნქციას შეასრულებს. გარდა ამისა, ის შეიმუშავებს შესაბამის ადგილობრივ სამოქმედო გეგმებს, უზრუნველყოფს მათი შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს. უწყებათაშორისი კომისიის კონცეფციის შემუშავებაში აქტიური მონაწილება მიიღეს გაეროს სააგენტოებმა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური