2018 წლის 27 მარტის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-03-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 42 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობამ დაამტკიცა ,,საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმა", რომელიც დამოუკიდებლობის დღისა და პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს მოიცავს.

მინისტრთა კაბინეტმა ასევე დაამტკიცა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ რამდენიმე დანაშაულზე სასჯელი მკაცრდება. კანონპროექტის მიხედვით, მკაცრდება სასჯელი დანაშაულის დაფარვის, დანაშაულის შეუტყობინებლობის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისთვის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 254  დევნილ ოჯახს  გადაეცემა. დევნილები საცხოვრებელ ფართებს საკუთრებაში უსასყიდლოდ ბათუმში, ქობულეთში, ფოთში, აბაშაში, სენაკში, ბორჯომში, რუსთავსა და ვაზიანში მიიღებენ. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში  17 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს  გადაეცა და ეს პროცესი გაგრძელდება.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა განკარგულების პროექტი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ, რომლის თანახმად, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონი ლარი რეგიონებში მნიშვნელოვანი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მიიმართება. 3 მილიონი ლარი გამოიყოფა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამისთვის „დანერგე მომავალი" - მაღალმთიან დასახლებებში კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის; 7 მილიონი ლარი კი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით შექმნილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამის ფარგლებში.

მინისტრთა კაბინეტმა დღესვე დაამტკიცა განკარგულება, რომლის თანახმად,  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 19 სახანძრო მანქანას შეისყიდის. საუბარია სპეციალური დანიშნულების, მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომობილებზე, რომლებითაც მთაგორიანი რელიეფის ტყეებში ხანძრებზე პირველად რეაგირებაზე პასუხისმგებელი დანაყოფები აღიჭურვებიან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური