2018 წლის 26 ივლისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-26

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილა.  დღის წესრიგი

მთავრობის გადაწყვეტილებით, რძის და რძის ნაწარმის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში წარმოებული ნატურალური რძე და რძის ნაწარმი გათავისუფლდება დღგ-სგან ჩათვლის უფლებით.
ამასთან, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ცვლილება შედის „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში, რომელიც განპირობებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ცვლილებებით. კერძოდ, სპეციალური რეჟიმით დასაბეგრი ზღვარი მცირე მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის 100 000-დან 5000 000 ლარამდე იზრდება. ასევე დამტკიცდა შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას.

მთავრობამ დღესვე მიიღო გადაწყვეტილება სსიპ - საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს შესახებ და დაამტკიცა მისი დებულება. საჯარო და კერძო პარტნიორობის რეფორმა წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის გამჭვირვალე, ეფექტიან და თანამედროვე სამართლებრივ და ინსტიტუციურ ჩარჩოს, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და შექმნის ინვესტიციებისთვის მიმზიდველ გარემოს. ახლად შექმნილი სააგენტო მნიშვნელოვნად წაახალისებს საზოგადოებრივ საჭიროებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას და უზრუნველყოფს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას. სააგენტოს ძირითადი ფუნქცია იქნება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფა, გამჭირვალე მექანიზმების და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, ასევე, სტანდარტული პროცედურების დანერგვით ტრანზაქციული ხარჯების შემცირება. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სააგენტოს შექმნისა და ოპერირებისთვის განსაზღვრულია 500 000 ლარი.

მთავრობამ დაამტკიცა განკარგულება, რომლის თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა 1 573 561 ლარი, რომლითაც მოხდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირება. სუბსიდირება შეეხებათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებულ იმ ოჯახებს, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან არ აღემატება 70 000-ს.
გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ხელფასები 20-30%-ით გაეზრდებათ.
მინისტრთა კაბინეტმა დღესვე დაამტკიცა დადგენილება მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის შესახებ. დადგენილებით განისაზღვრება მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი, რათა შემდგომ აღნიშნულ სამუშაოებზე განხორციელდეს შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმება და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ზედამხედველმა ორგანომ გამოიყენოს შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები.

მთავრობამ დღესვე დაამტკიცა რთველი 2018-ის ხელშეწყობის ღონისძიებები.
2018 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში) ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, შექმნას რთველის საკოორდინაციო შტაბი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე, კახეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რთველის მიმდინარეობისას, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩაბარების პროცესში, ადგილზე უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და უსაფრთხოებას.
ღვინის კომპანიებმა, რომლებსაც აქვთ განზრახული ყურძნის მიღება/გადამუშავება უნდა გაიარონ რეგისტრაცია რთველის საკოორდინაციო შტაბში, რათა, რთველის საკოორდინაციო შტაბს ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია რთველში მონაწილე ღვინის კომპანიების, მათი საკონტაქტო ინფორმაციისა და ლოკაციის ადგილის შესახებ. ასევე, მათ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ყოველდღიურად მისაღები ყურძნის ოდენობის შესახებ. ღვინის კომპანიები ვალდებულნი არიან, რომ ყურძნის მიღება გადამუშავება განახორციელონ სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული სასწორებით აღჭურვილ საწარმოში, ჩაბარებული ყურძნის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვიანობის მიზნით.
ასევე, მთავრობის განკარგულებით, 15 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, 1500-მდე მოზარდი „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში" დასვენების პარალელურად, ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა. პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურასთან ერთად ახორციელებს და მისი მიზანია მოსწავლეებში მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, მათემატიკის, რობოტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია, პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელების გზით - კვლევითი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
პროექტი ქალაქ ქუთაისში - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ტერიტორიაზე ხორციელდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური