2018 წლის 29 აგვისტოს მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-08-29

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 27 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის გადაწყვეტილებით, დამატებითი დაფინანსება გამოიყო საკურორტო ზონაში ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მოსაწესრიგებლად.

კერძოდ, მოეწყობა კობი-გუდაურის სასრიალო ტრასების და ზამთრის სეზონისთვის ზვავსაწინააღმდეგო დროებითი სისტემა, რისთვისაც 5 000 000 ლარი დაიხარჯება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ურეკის ძველ ბულვარს, ხოლო ახალი ბულვარის მოწყობისთვის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები; რეაბილიტირდება დაბა ბაკურიანში ცენტრალური, წრიული საფეხმავლო ბილიკი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დიდი მიტარბის საბაგირომდე მისასვლელ საავტომობილო გზას; მოხდება ქობულეთის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოების ინტენსიფიკაცია, რისთვისაც ჯამურად დაახლოებით 20 მილიონი ლარია განსაზღვრული.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა განკარგულება 12 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციის შესახებ. საუბარია ახალქალაქის, ონის, ლაგოდეხის, ქარელის, მცხეთის, ხონის, ცაგერის, წალენჯიხის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გზებზე, რომელთა რეაბილიტაციაზე 80 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მთავრობამ დღესვე დაამტკიცა განკარგულება 2018 წლის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე, რომელიც საჯარო დაწესებულებებს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საჯარო მოსამსახურეთათვის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით" დაწესებული შეზღუდვების თაობაზე მათთან დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების ინფორმირებას ავალდებულებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური