პრემიერ-მინისტრი შიდა ქართლში, მეწარმეებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-10-19

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შიდა ქართლში, მეწარმეებს შეხვდა.
 
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფომ ყველანაირი პირობები უნდა შეუქმნას გლეხს, რომ ის გაძლიერდეს და შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.
 
„ეკონომიკის სამინისტროში მუშაობის პერიოდში ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის სამუშაო ადგილები. სახელმწიფო ყველანაირად უნდა დაეხმაროს ადამიანს, რომ შეუქმნას ისეთი პირობები, გლეხს, ფერმერს, რომ მან შეძლოს რაღაც რისკები თავის თავზე აიღოს, სიმამაცე მოიკრიბოს, ნაბიჯი გადადგას და თქვას, რომ ჩემს თავს მე თვითონ უნდა მივხედოო. სახელმწიფოს ყველაზე დიდი პოზიტიური ვალდებულებაა მიეხმაროს ამ ადამიანს, რომ ცოტა გაძლიერდეს და თავისი ოჯახის წევრებთან ერთად მეზობელი უნდა დაასაქმოს და ასე ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს და დამატებითი სამუშაო ადგილები ასე უნდა იქმნებოდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ბაღები, ბაღები გავაშენოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი ოჯახები ვაცხოვროთ პირველ რიგში ღირსეულად, შემდგომ ჩვენი სოფლები, ქალაქები და ჩვენი ქვეყანა. ეს არის სახელმწიფოს ყველაზე დიდი ვალდებულება, რომ თქვენ ამაში დაგეხმაროთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა, კარგი სამედიცინო მომსახურეობა, ძლიერი, კეთილსინდისიერი და სამართლიანი სამართალდამცავი სისტემა - ეს ყველაფერი ქმნის ძლიერ სახელმწიფოს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრების მიზანია სახელმწიფო მეწარმეებს ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აქ ხართ ის ხალხი, ვინც სხვა ადამიანებს ასაქმებთ და  აძლევთ იმის საშუალებას, რომ მათაც ღირსეულად შეინახონ თავიანთი ოჯახები.  მთლიანად საზოგადოების ვალდებულებაა, პირველ რიგში ჩვენს ბავშვებზე ვიზრუნოთ, მათ მომავალზე, მათ ჯანმრთელობასა და განათლებაზე; ჩვენს მოხუცებზე, იმ ხალხზე, რომლებიც წლები ემსახურნენ ამ ქვეყანას, არ აქვს მნიშვნელობა სად. ამ ყველაფრისთვის უნდა ვიშრომოთ ყოველდღე, რომ შევქმნათ დამატებით სამუშაო ადგილები.

ჩემი ძირითად ამოცანაა არა 10 წლიან სტრატეგიულ გეგმებზე მუშაობა, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში დახმარება. სხვა ფუნქცია ახლა მე არ მაქვს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური